Академический департамент компьютерной инженерии

შეხვედრა პირველკურსელებთან
15-10-2018

2018 წლის 13 ოქტომბერს კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტში გაიმართა შეხვედრა პირველკურსელებთან. დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა პირველკურსელებს მიულოცეს სტუდენტობა და ესაუბრნენ იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც მათ უნივერსიტეტი სთავაზობს.

კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პროფ. ლ. იმნაიშვილმა პირველკურსელებისადმი მიმართვაში დაწვრილებით ისაუბრა კომპიუტერული ინჟინერიის დარგში არსებულ თანამედროვე მდგომარეობაზე და იმ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც ამჟამად დგას კაცობრიობა. მან აღნიშნა, რომ თუ ადრე ­კომპიუტერული ინჟინერიის დარგში, პირველ რიგში, ფასობდა სპეციალისტის პროფესიული ცოდნა და სასურველი იყო აგრეთვე, რომ სპეციალისტს ჰქონოდა კრეატიული აზროვნების უნარი წამოჭრილი ახალი ამოცანების არაორდინალურად გადაწყვეტისათვის, დღევანდელ შრომით ბაზარზე კონკურენციის პირობებში უფრო მეტად ფასობს და წინა პლანზე წამოვიდა ადამიანის ინოვაციური უნარები. ცხადია, ეს სრულებით არ ნიშნავს, რომ გენერირებული იდეის ხორცშესხმისათვის ტექნიკური დარგის ცოდნა არ არის საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის კაცობრიობამ  ბევრ რამეს მიაღწია კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში, შეიძლება გაგვიკვირდეს, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ უფრო მეტია.ეს მომავალი თაობისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ახალმა თაობამ უნდა შექმნას კომპიუტერული ტექნოლოგიების ხვალინდელი დღე. ახალი თაობის წარმოდგენები და ფანტაზიები, მათი დამოკიდებულება გარემოს მიმართ განსაზღვრავს რა მიმართულებებით განვითარდება ციფრული ტექნოლოგიები.

დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრა დასაქმების იმ სფეროების შესახებ, სადაც სტუდენტებს მომავალში შეეძლებათ თავიანთი ნიჭისა და უნარების გამოვლენა:

  • კომპიუტერების, ქსელური მოწყობილობების და ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გაჯეტების წარმოების ინდუსტრია;
  • საავტომობილო ინდუსტრია, სადაც დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ციფრული ტექნოლოგიები. კომპიუტერული ინჟინერიის როლი კიდევ უფრო გაძლიერდება ჰიბრიდული და განსაკუთრებით, ელექტრომობილების წარმოების მოცულობების გაზრდასთან ერთად;
  • დარგები, სადაც საჭიროა ტექნოლოგიერი პროცესების მართვა (კვების მრეწველობა, მსუბუქი მრეწველობა, მეტალურგია და ა.შ.);
  • ენერგეტიკის სფერო, რომელიც უკვე წარმოუდგენელია კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების დახმარების გარეშე.
  • საამშენებლო ინდუსტრია, სადაც ფართოდ იკიდებს ფეხს „ჭკვიანი სახლის“ კონცეფცია.
  • საბანკო სფერო, სადაც უკვე საკმაოდ განვითარებულია ციფრულ მოწყობილობებზე დაფუძნებული საბანკო ტექნოლოგიები.
  • საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაშენებული მმართველი სისტემებით.
  • სამედიცინო ტექნიკა, რომელიც მთლიანად იმართება ციფრული სისტემებით.
  • სოფლის მეურნეობის დარგი, სადაც სულ უფრო მეტად გამოიყენება „ჭკვიანი“ მოწყობილობა–დანადგარები და ა.შ. 

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა დასვეს კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

უკან