კომპიუტერული ინჟინერიის აკადემიური დეპარტამენტი

ქართული ENGLISH РУССКИЙ
STEM-აკადემია
18-05-2019

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2019 წლის 18 მაისს, მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო უნიკალურ ლაბორატორიაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი, სტუ-ის და SDSU-G-ს პროფესორ-მასწავლებლები და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ. მათ შორის, კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის შესახებ. აბიტურიენტებისათვის გაკეთდა პრეზენტაცია. აღინიშნა, რომ კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის დაუფლებით, ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნასა და აწყობას შეძლებენ. პროგრამა მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ასევე მიკრო და ნანორეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობილობებში. კომპიუტერული ინჟინერია მომავალ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ისეთი პროგრამები, რომლებიც კომპიუტერების მუშაობას გააკონტროლებს და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანის შესრულების შესაძლებლობას მოგვცემს.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები 4 გუნდად განაწილდნენ და STEM-თამაშებში ჩაერთნენ. თამაშები მრავალფეროვანი და სახალისო აღმოჩნდა, გამარჯვებულ გუნდს კი საჩუქრები გადაეცა. 
STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრის დასასრულ, ყველა მონაწილე ახალგაზრდას სამახსოვრო საჩუქრები და STEM-სერთიფიკატები გადაეცა.

 
უკან